ახალი ამბები

„მანგანეზთან“ მოლაპარაკებების ფონზე, შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს

8 ივნისი, 2021 • 918
„მანგანეზთან“ მოლაპარაკებების ფონზე, შუქრუთელებმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს

მოლაპარაკებების „აქტიურ ფაზაში შესვლის“ ფონზე, შუქრუთელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა კვლავ უარს ამბობენ საკვებზე.

7 ივნისს, გვიან ღამით, კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, „კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის“.

„დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იმედოვნებენ იურიდიული დოკუმენტით“, – წერს კომპანია.

„ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, გიორგი ნეფარიძემ დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები „აქტიურ ფაზაშია“ და განაცხადა, რომ იმედოვნებს, პროცესი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მალე დასრულდება.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას უკვე 100 დღეზე მეტია, მართავენ.

ერთ კვირაზე მეტია, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

8 ივნისს გიორგი ნეფარიძემ გვითხრა, რომ წინა დღიდან მოყოლებული, დემონსტრანტებმა სითხის მიღება განაახლეს, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე შიმშილობას მაინც აგრძელებენ.

წინა დღით არასამთავრობო ორგანიზაცია GMC-ის ხელმძღვანელმა ნოდარ ჩაჩანიძემ, — რომელიც შუქრუთელებს დახმარებას უწევს, — ფეისბუკზე დაწერა, რომ 6 ივნისის საღამოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ და კომპანიის სახელმწიფო მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ახალი პირობებით მოლაპარაკების სურვილი გამოთქვეს.

ჩაჩანიძის ინფორმაციითვე, კომპანიასთან მოლაპარაკებაში შუქრუთლების მხრიდან ჩართულია „მაღალკვალიფიციური იურისტი/მედიატორი“ და „იმედია, მოლაპარაკებები უმოკლეს ვადებში წარმატებით დასრულდება“.

ვრცლად მათს პრობლემებზე:

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი