საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ვაკანსიებია.
განაცხადის მიხედვით, აკადემიაში 23 ახალი წევრი უნდა მიიღონ. მათგან 2 ნამდვილი წევრი იქნება, ანუ აკადემიკოსი, 21 კი – წვერ-კორესპონდენტი.
ამ უკანასკნელ პოზიციაზე შეიძლება წარადგინონ მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე ისეთი ადამიანი, “რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში”. ხოლო, აკადემიკოსის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ადამიანი რომელსაც არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ “საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში”
სფეროთა ჩამონათალი, რომლის მეცნიერსაც ეძებს აკადემია მრავალფეროვანია – ფიზიკიდან დაწყებული ხელოვნების თეორიამდე დასრულებული.
საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც შეძლო მეცნიერებათა აკადემიამ აღნიშნული ვაკანსიებს გამოცხადება, პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. ცვლილება გულისხმობს მეცნიერებათა აკადემიისთვის 20 ახალი წევრ-კორესპონდენტის არჩევის უფლების მინიჭებას. კანონის მიხედვით, თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან 1000 ლარს მიიღებს ხელფასის სახით.
ცვლილების ინიციატორები და ავტორები “ქართული ოცნების: დეპუტატები – გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. მათ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს – დოკუმენტი ბიუროზე 10 ივნისს დარეგისტრირდა, 13 ივნისს კი მე-3 მოსმენით დამტკიცდა.
ავტორები ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას ასე ასაბუთებდნენ:
“ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა საგარეო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი ძალებით.
გარდა აღნიშნულისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. აღნიშნულის საპასუხოდ საჭიროა აკადემიამ ამ დარგებში დროულად აირჩიოს ლიდერი მეცნიერები”.
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე ცვლილებას და მის დაჩქარებულად მიღებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, მმართველ პარტიას რუსული კანონის მხარდამჭერი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისა და “მომეცნიერო ყაიდის” დეპუტატების წახალისება აქვს განზრახული.
“არსებობდა ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ეს რუსული კანონის მხარდამჭერი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისა და პროფესურის, ასევე მომეცნიერო ყაიდის დეპუტატების დასაჯილდოებლად გააკეთა და კონკურსსაც წინასაარჩევნოდ გამოაცხადებდა. ასეც მოხდა. გუშინ მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი 21 ახალი წევრ-კორესპონდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. დავაკვირდეთ პროცესებს. ბევრ ნაცნობ სახეებს ვიხილავთ, თანაც ისეთებსაც, რომელთა მეცნიერად მოხსენიება ღიმილის მომგვრელი იქნება”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
თავად კანონპროექტის ინიციატორები ცვლილების საჭიროებას მეცნიერთა აკადემიის, “როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის” ვალდებულებების ეფექტიანად განხორციებით ხსნიან. კიდევ ერთ მიზეზად დასახელებულია “მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარება” და მისი თანმდევი გამოწვევები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისთვის.