სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც პირველი ივნისიდან 26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში მიმოხილულია არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.
კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. მათი თქმით, წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური
გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ.
ISFED აღნიშნავს, რომ პოლარიზაციის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამ:
„ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგაც გაგრძელდა ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების კამპანია. მუქარის შემცველი ზარები ფიზიკურ თავდასხმებშიც გადაიზარდა. საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც, საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა,“ — აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ ივნისში კიდევ ერთხელ შეიტანა ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის საფუძველზეც, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობა შემცირდა.
ISFED აღნიშნავს, რომ თუ კენჭისყრის შედეგად ცესკომ ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებადაც მას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა ესაჭიროება, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ცვლილებები ამცირებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები.
ISFED აღნიშნავს, რომ მათი წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდებს თბილისისა
(2 საგამოცდო ცენტრი) და 10 სხვა მუნიციპალიტეტის საგამოცდო ცენტრებში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკატო გამოცდებს 33 მუნიციპალიტეტში დააკვირდნენ.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა ინფორმაციით, გამოცდები, ძირითადად, კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები, მათ შორის, ზედამხედველების მხრიდან გამოცდის მონაწილეებისთვის სწორი პასუხების მინიშნების რამდენიმე მცდელობა, ასევე, ზედამხედველის დახმარებით გამოცდის ჩაბარების ერთი ფაქტი. იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილეები გამოცდის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და ეგონათ, ტრენინგზე დასასწრებად მიდიოდნენ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა, რაც მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა სათანადოდ მომზადებისათვის.
ანგარიშის ავტორების თქმით, ივლისსა და აგვისტოში ცესკომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების კამპანია განახორციელა. ორგანიზაციის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები დაესწრნენ იმიტირებული კენჭისყრის პროცესს თბილისსა და 56 სხვა მუნიციპალიტეტში, თუმცა თბილისის ორ საარჩევნო ოლქსა და კიდევ 20 მუნიციპალიტეტში მათ სრულყოფილი დაკვირვების საშუალება არ მიეცათ:
„კერძოდ, ამომრჩევლისთვის განსაზღვრული პროცედურის გავლის შემდეგ, ორგანიზაციის არასაარჩევნო პერიოდისთვის აკრედიტებულ დამკვირვებლებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ შენობა იმ მიზეზით, რომ იმიტირებული კენჭისყრის პროცედურა დაკვირვებას არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა ამ პროცესზე დაკვირვებაში პრობლემა ვერ დაინახა და არ შეუფერხებია დაკვირვების პროცესი.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების დაკვირვებით, პროცესის მონაწილეთა დიდ ნაწილს საჯარო მოსამსახურეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები შეადგენდნენ (მათ შორის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები), რომლებიც ორგანიზებულად, სამსახურებრივი ნიშნით მოდიოდნენ შესაბამის ადგილზე და მათი ნაწილი არ იყო ინფორმირებული, რა პროცესში უნდა მიეღო მონაწილეობა.
რიგ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ მმართველი პარტიის კოორდინატორებისგან ან/და ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღეს დავალება, რათა მოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ პროცესში“ — ვკითხულობთ ანგარიშში.
ISFED აღნიშნავს, რომ 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე:
„წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას,“ — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის ავტორების თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა რეგიონული ოფისების გახსნა, ძირითადად, ივნისიდან დაიწყეს, ხოლო წინასაარჩევნო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში ივლისიდან შევიდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ასევე, საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც.
ISFED-ში ამბობენ, რომ საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდებოდა.
რაც შეეხება პარტიების შემოწირულობებს, ანგარიშის ავტორების განცხადებით, 2024 წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ივლისში, წინა თვესთან შედარებით, „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ოდენობა ხუთჯერ გაიზარდა — ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში კი გაცილებით ნაკლები მასშტაბის ზრდა ან კლება დაფიქსირდა:
„ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მთავრობის რამდენიმე განკარგულება სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ანაზღაურებადი სტაჟირებების პროგრამა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავე პირების მობილიზება და სხვა,“ — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, ISFED აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 7 მედიაორგანიზაცია გააფრთხილა ან დააჯარიმა:
„ყველა შემთხვევა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე ვიდეორგოლების ეთერში გაშვების საკითხს ეხებოდა. გამოვლინდა საკანონმდებლო ორგანოში კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ აკრედიტაციის შეჩერების რამდენიმე შემთხვევაც. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის 3 ფაქტს,“ — ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.