ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელის განხილვისას ლინგვისტ მარინა ბერიძის პოზიცია ინსტიტუტისას არ ემთხვევა.

ამის შესახებ ნანა მაჭავარიანმა სამთავრობო ტელევიზია „იმედს“ განუცხადა.

„ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს…

ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც ცდილობდა, რომ თავი გაერთმია, ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე… ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა… მე მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც”, – აღნიშნა ნანა მაჭავარიანმა.

ფილოლოგიის დოქტორმა, ლინგვისტმა მარინა ბერიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე განაცხადა, რომ შესიტყვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და რიგით ქართველში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

მარინა ბერიძის თქმით, ის სხვა მეცნიერებთან ერთად არის თანაავტორი კვლევისა, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ ტერმინზე ჩაატარეს და მას მალე გამოაქვეყნებენ, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. საუბარია რუსულ კანონში მოცემული ტერმინების (უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი) ლინგვისტურ ანალიზზე.