საზოგადოება

ენათმეცნიერი: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის შესიტყვებაა

31 აგვისტო, 2024 •
ენათმეცნიერი: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის შესიტყვებაა

შესიტყვება “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”  მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და რიგით ქართველში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.  ამის შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე ენათმეცნიერმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ლინგვისტმა მარინა ბერიძემ განაცხადა.

მარინა ბერიძის თქმით, ის სხვა მეცნიერებთან ერთად არის თანაავტორი კვლევისა, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ ტერმინზე ჩაატარეს და მას მალე გამოაქვეყნებენ, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. საუბარია რუსულ კანონში მოცემული ტერმინების (უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი) ლინგვისტურ ანალიზზე.

“ვადასტურებ, რომ კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები აღმოჩნდა რომ არის ცალსახად ნეგატიური  კონოტაციისა. დადებითი და ნეიტრალური  კონოტაციით ამ ცნებების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორებით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტითაა შესაძლებელი”, – განაცხადა ბერიძემ და აღნიშნული შემდეგი მაგალითით ახსნა.

“თუ ჩვენ ვიტყვით სიტყვას შური, მას აუცილებლად ექნება უარყოფითი კონოტაცია. ჩვენ მას აუცილებლად უნდა დავამატოთ დამატებითი მოდიფიკატორი, რომ ის ვაქციოთ დადებითი შინაარსის მატარებელ სიტყვად [კეთილი შური], – თქვა ენათმეცნიერმა.

მისი თქმით, ცალკე აღებული შესიტყვება “ინტერესების გამტარებელი” ასევე უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, რადგან აღიქმება, რომ ინტერესების გამტარებელი არ არის თავისუფალი ადამიანი

“თუ მას სხვა სიტყვა არ დავუმატეთ, ნეიტრალურობას ვერ ინარჩუნებს. ინტერესებს გამტარებელსაც [რიგით ქართველში]  მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. [ეს ტერმინი] მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალებაა რიგითი ქართველისთვის”, – თქვა პროფესორმა სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი