„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის გასვლას.
კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ გუნდს და თითოეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს.
„ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება“, – წერს კოალიცია.
კოალიციის შეფასებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე და შემდგომ გამოტანილი პოლიტიზებული განაჩენი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა.
„მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემის რეალური სახე.
მზია ამაღლობელმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება. სახაროვის პრემია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ხედავს მის ბრძოლას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან მოძალადე რეჟიმს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტს“, – წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
