ახალი ამბები

გიორგი ანწუხელიძის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თუშეთში მისი მემორიალი გაიხსნა

18 აგვისტო, 2024 •
გიორგი ანწუხელიძის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თუშეთში მისი მემორიალი გაიხსნა

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. მათ შორის, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გიორგი ჭიჭინაძემ და მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა. ღონისძიებაზე ესწრებოდნენ ანწუხელიძის ცოლი – მაკა ჩიკვილაძე და შვილი, ანა ჩიკვილაძე.

“18 აგვისტო ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს, მის მშობლიურ თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და თაოსნობით გაიხსნა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საშუალება მომეცა და მონაწილეობა მივიღე ამ პროცესში. გიორგი ანწუხელიძის მსგავს გმირებზე დგას საქართველო”, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

საქართველოს თავდაცვისა და სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა, ასევე, მისმა თანამებრძოლებმა ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც.

გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომს დროს, 23 წლის ასაკში, ის ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იქამდე, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები.

2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ასევე, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

2013 წელს, “თუშების სადროშომ” გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

2018 წლის ნოემბერში ახმეტაში მდებარე მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი