ახალი ამბები

„კურსკში რუსული SU-34 ჩამოვაგდეთ“ — უკრაინის გენშტაბი

14 აგვისტო, 2024 •
„კურსკში რუსული SU-34 ჩამოვაგდეთ“ — უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 აგვისტოს ღამით კურსკის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„გასულ ღამით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე (რუსეთის ფედერაცია) სამხედრო დავალების შესრულებისას, უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა გაანადგურეს რუსული ბომბდამშენი სუ-34.

ოკუპანტების, მათი შეიარაღებისა და ტექნიკის ლიკვიდაცია შეუფერხებლად გრძელდება.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“ — წერს გენშტაბის არხი ტელეგრამში.

როგორც UKRAINSKA PRAVDA წერს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სადაც მდებარეობს სამხედრო აეროდრომი „სავასლეიკა“, აფეთქებების ხმა გაისმა. ამ აეროდრომიდან დაფრინავენ რუსული გამანადგურებლები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარტო ოთხშაბათს უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ორი კილომეტრით წაიწიეს წინ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ოლექსანდრ სირსკისთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამატებით 100 რუსი სამხედრო ტყვედაა აყვანილი.

CNN იუწყება, რომ ბელგოროდმა ოთხშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი შეტევების შემდეგ.

ათობით ათასმა რუსმა კურსკიდან, ბელგოროდიდან და ბრიანსკიდან დატოვა საცხოვრებელი სახლი.

სამშაბათ საღამოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და მომდევნო ნაბიჯებისთვის ემზადება.

ოფიციალურმა კიევმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

13 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, THE KYIV INDEPENDET-ის ცნობით, განაცხადა, რომ უკრაინის შეტევის მიზანია რუსეთს არ მისცეს საშუალება, დონეცკის ოლქში გადაისროლოს დამატებითი ძალა.

The Wall Street Journal აშშ-ის ჩინოსნებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა თავისი შეიარაღებული ძალების რაღაც ნაწილი უკრაინიდან გაიყვანა, რომ კიევის წინსვლას გაუმკლავდეს კურსკში.

შაბათს, 10 აგვისტოს, გვიან საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დასავლეთით, საზღვართან მოქმედებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე“ გადააქვს.

„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა და აგრესორზე სათანადო ზეწოლა მოახდინოს“, — თქვა ზელენსკიმ.

ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინის მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხდება, რომ უცხო ქვეყნის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ.

ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან კურსკის რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით პირველად შვიდ აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხებიდან გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.

როგორ დაიწყო ყველაფერი, ნახეთ აქ:

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები

მასალების გადაბეჭდვის წესი