ახალი ამბები

„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

8 აგვისტო, 2024 •
„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

„რამდენჯერმე შევცვალეთ პროტესტის ფორმა. ბოლოს იყო სოლიდარობის ჯაჭვი – თავიდან წარმატებულად მუშაობდა, მაგრამ შემდგომ გაუფიცავი და გაფიცული დასაქმებულის დაპირისპირება მოახერხა რაღაც დონეზე. აქედან გამომდინარე, ვცვლით ფორმას და ვაანონსებთ შიმშილობას. ადგილი იქნება მექანიზაციის ქუჩაზე, ევოლუშენთან. დროის შესახებ წინასწარ გაცნობებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

გაფიცულები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ხელისუფლებას, ასევე სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა და ჩაერიონ პროცესში.


„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები თითქმის ერთი თვე არიან გაფიცულები.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“. აღნიშნული პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცვას აპირებდა დასაქმებულთა ნახევარზე მეტი — 5000-მდე ადამიანი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულებს, პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი