ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური დიასპორის ბრძოლა სირიაში და ტერაქტების შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოება ერევანში

24 ნოემბერი, 2015 • • 3410
სომხური დიასპორის ბრძოლა სირიაში და ტერაქტების შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოება ერევანში

გარდა ამისა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სომხეთისთვის მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ის გარშემორტყმულია მტრულად განწყობილი მეზობლებით – აზერბაიჯანითა და თურქეთით, სამხრეთ კავკასია მოცულია დაურეგულირებელი კონფლიქტებით, ხოლო ჩრდილო კავკასია ცნობილია ტერორისტული გამოვლინებებით.

 

პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების მეორე დღესვე ერევანში, საფრანგეთის მოედანზე მივიდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საფრანგეთის ელჩთან ერთად და როდენის ძეგლი, რომელიც სომხეთს საფრანგეთის პრეზიდენტმა აჩუქა, გვირგვინით შეამკო. მოსახლეობა შეიკრიბა სომხეთში საფრანგეთის საელჩოს შენობის წინ, სადაც მიიტანეს ყვავილები, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ტერაქტების შედეგად დაღუპულებს.

 

სომხეთს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა გააჩნდა სირიაში, სადაც სამოქალაქო ომის დაწყებამდე 100 ათასამდე ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. ბევრი მათგანი იძულებილი გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოში – სომხეთში. ამდენად, ერევანში კარგად იციან, რა ხდება სირიაში, ერაყში და სირია-თურქეთის საზღვარზე, სადაც ბრძოლებს აწარმოებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარი, მისი ოპოზიცია და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო. მართალია, ნაკლებად ხდება ამ ინფორმაციის აფიშირება, თუმცა ცნობილია, რომ რამდენიმე ასეული ეთნიკური სომეხი იბრძვის ქურთების და სირიის პროსახელისუფლებო ჯარების მხარეს და ტერორისტული ურჩხულის – ISIS-ის წინააღმდეგ, რამდენადაც რადიკალი ისლამისტების პირველი სამიზნეა ყველანაირი ქრისტიანული ელემენტის განადგურება ახლო აღმოსავლეთში.

აქედან გამომდინარე, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა სომხეთის საზოგადოებისთვის ოქტომბერში “რია ნოვოსტის” მიერ ეგვიპტურ გამოცემა “ალ-მასრი ალ-იაუმზე” დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეგვიპტის სპეცსამსახურებმა დააკავეს ქაიროში ISIS-ის ექვსი წევრი, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ ობიექტებზე ტერაქტებს ამზადებდნენ. დაკავებულებს შორის, აღნიშნული გამოცემის ცნობით, იყო სომხეთის მოქალაქეც.

 

ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განმარტა, რომ გამოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია ქაიროდან, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ფიზიკურად არ არსებობდა სომხეთის მოქალაქე ისეთი სახელითა და გვარით, რომელიც მოხსენიებული იყო გავრცელებულ ცნობებში.

 

საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ავეტ დემურიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ირწმუნება, რომ ცნობილია ფაქტები, როცა ქურთები და იეზიდები სომხეთიდან იბრძვიან ISIS-ის წინააღმდეეგ, თუმცა, მისი თქმით, ლოგიკურია, რომ სომხეთის მოქალაქეები არ იბრძოდნენ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში.

 

ამის მიუხედავად, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა რამდენიმე თვის წინ სირიაში მოკლეს ეთნიკური სომეხი, საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახის შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, მოექცა ISIS-ის გავლენის ქვეშ, მიიღო ისლამი, დატოვა ყველაფერი, წავიდა სირიაში და იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია  “ისლამური სახელმწიფოსთვის”.

 

ავეტ დემურიანი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სომხეთში გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. დემურიანი იხსენებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის პროფესორის, მარკ კრამერის ცნობებს იმის შესახებ, რომ ბოლო წელს ბევრმა კავკასიელმა, მათ შორის აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, ასევე, შუააზიელმა ბოევიკმა-ისლამისტებმა დადეს ერთგულების ფიცი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის წინაშე, მათი ნაწილი შინ დაბრუნდა და ჩაერთო იატაკქვეშა ტერორისტულ ორგანიზაციაში, რომელიც ორიენტირებულია “ისლამურ სახელმწიფოზე”. კრამერი აღნიშნავს, რომ სამხედრო გამოცდილებამიღებული მოჯაჰიდების სამშობლოში დაბრუნება სერიოზულ პრობლემებს ქმნის იმ ქალაქებისა და რეგიონებისთვის, სადაც ისინი ფუძნდებიან. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში ისლამისტი ბოევიკები ნაკლებად ბრუნდებიან, ვიდრე თუნდაც ჩრდილო კავკასიაში,  მათი რაოდენობა საკმარისია რეგიონში ფართო ჯიჰადისტური მოძრაობის ბირთვის ფორმირებისთვის.

 

“ამგვარად, ისლამური სახელმწიფოს შემოსვლა ჩვენს რეგიონში უკვე შემდგარი ფაქტია. სად და როდის შეიძლება ველოდოთ ახალ დარტყმას, ძნელი სათქმელია. ისღა დაგვრჩენია, რომ უფრო ფრთხილად და ფხიზლად ვიყოთ, ვიდრე ბოლო ტერაქტებამდე ვიყავით,” – ასკვნის დემურიანი.

“ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტიტის” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სომხეთი, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, იმ სახელმწიფოების ნუსხაშია, სადაც ძალიან დაბალია ტერორისტების გავლენა. ამის მიუხედავად, 13 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზა, ავტოსადგურები.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი