ახალი ამბები

ისრაელთან ომის სამზადისში ირანი რუსეთს დახმარებას სთხოვს – NYT

6 აგვისტო, 2024 •
ისრაელთან ომის სამზადისში ირანი რუსეთს დახმარებას სთხოვს – NYT

ირანმა რუსეთს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა ისრაელთან შესაძლო ომისთვის მზადების პროცესში.

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. როგორც გამოცემა ირანულ მედიაზე და ირანელ მაღალჩინოსნებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ანონიმური წყაროების ცნობით, რუსეთმა უკვე დაიწყო კიდეც თანამედროვე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება ირანისთვის.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ორშაბათს, 5 აგვისტოს ირანში იქაურ მაღალჩინოსნებთან შესახვედრად ჩავიდა. ის შეხვდა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების სარდალს, ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივანს.

შოიგუს ვიზიტი ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ალიანსს უსვამს ხაზს, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად განმტკიცდა. ირანი რუსეთს სამხედრო დანიშნულების დრონებით ამარაგებს და ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

ამის პარალელურად, ირანისგან მოსალოდნელი თავდასხმისთვის ემზადება ისრაელიც.

„ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე შეტევას გეგმავს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელს ეს ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიაწოდა. თავად სიიარტოს კი შეტევის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ აცნობა.

ისრაელზე თავდასხმა შურისძიებად განიხილება გასულ კვირას „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის გამო. ისრაელს ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ მიიჩნევა, რომ სწორედ ის დგას ჰანიას მკვლელობის უკან, აღნიშნავს „იერუსალიმ პოსტი“.

აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა, ჰანიას მკვლელობის შემდეგ, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული, ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში ააფეთქეს.

როგორც აშშ-ის, ისე ისრაელის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ირანისგან და მასთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებებისგან, როგორიცაა „ჰეზბოლა“ და „ჰუსიტები“, კოორდინირებულ თავდასხმას ელიან ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს თავისი ეკონომიკური და კულტურული კავშირები აქვს ისრაელთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ირანს დახმარებაზე უარს არ ეტყვის, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომში თავის მხრივ დიდად არის დამოკიდებული ირანის მხრიდან დახმარებაზე.

ამავე თემაზე:

ვინ იყო ისმაილ ჰანია და რა შეიძლება მოჰყვეს მის მკვლელობას

მასალების გადაბეჭდვის წესი