ახალი ამბები

რა ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში

20 ნოემბერი, 2015 • 1397
რა ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში

 

ელანა [სახელი პირობითია] 22 წლის არის. ის ბათუმში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს. ელენას 2 შვილი ჰყავს, უმცროსი ჯერ ორი წლისაც არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილები დედასთან უნდა აღზრდილიყვნენ, მაგრამ ელენა ვერ ახერხებს ბავშვებთან ერთად ცხოვრებას.

 

„არ მინდოდა ჩემს შვილებს ენახათ, რომ მსხვერპლი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე ოჯახიდან წამოსვლა. ჩემი ქმრისთვის პრობლემა იყო ის, რომ არ უნდა მესწავლა, არ უნდა მემუშავა. ამის გამო გავხდი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის მსხვერპლი“, – ყვება ელენა „ბათუმელებთან“.

 

ელენამ ეროვნული გამოცდები ჩააბარა. სწავლის პარალელურად კი სამსახურს ეძებს. სამ თვეში თავშესაფარში ყოფნის ვადაც ეწურება და, ალბათ, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში გადავა.

 

ელენამ ეროვნული გამოცდები გათხოვებამდე ჩააბარა, მაგრამ ქმარმა სწავლის უფლება არ მისცა. ბავშვების წამოზრდის შემდეგ კი ისევ მოინდომა სწავლის გაგრძელება. ქმარმა ეს არ აპატია.

 

ელენა ამბობს, რომ თავშესაფარში მას კარგად ექცევიან.

 

გასულ წელს ელენას მსგავსად თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის თავშესაფარში 47 სრულწლოვანი და 67 არასრულწლოვანი ქალი ცხოვრობდა, ამათგან 65-ს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, 89-ს – ფსიქოლოგიური დახმარება, ხოლო 31-ს – სამართლებრივი. საერთო ჯამში, თავშესაფრით 114-მა მსხვერპლმა ისარგებლა.

 

ამ წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ აქვთ.

 

ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ბათუმის თავშესაფარი ერთდროულად 14-მდე ბენეფიციარს იღებს. აქ ერთი შშმ პირის მიღებაც შეუძლიათ.

 

“ბათუმელები“ ელენას გარდა კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა, რომელიც  თავშესაფარში გასულ წელს ცხოვრობდა. სარა (მისი სახელიც პირობითია) ამბობს, რომ თავშესაფარში პერსონალს აქვს კვალიფიკაციის პრობლემა: „ზოგჯერ ისე გიყურებენ… მიატოვე ოჯახი, ქმარი, შვილები. ეს ნიშნავს ღალატს, შესაძლოა ასე პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ გარემო ისეთია, დამნაშავედ გრძნობ თავს. თუ საჭმელი გაქვს და ღამის გასათევი, ვერ იგებენ, რატომ შეიძლება წამოხვიდე ქმრისგან, რომელიც ძალადობს შენზე“.

 

სარა ამბობს, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად: „ერთი მსხვერპლი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო. თავშესაფარში თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ უნდა გამოსწორდეს, წესიერ გზას დაადგეს. სტრესია, როცა უყურებ, რომ თავშესაფარში, სადაც ისედაც ბევრი პრობლემით მიდიხარ, ავადმყოფი ჰგონიხარ“.

 

თავშესაფრის ბინადრებს ულუფას გრამობით აწვდიან, საღამოს 11 საათზე ყველა საწოლშია, გარეთ გასვლის დროს აღრიცხვის ჟურნალში იწერება ვინ სად მიდის. თავშესაფრის ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებულია, იყო შემთხვევა, როცა მსხვერპლის ადგილსამყოფელი ქმარმა გაიგო, ამის გამო ის სხვა ქალაქის თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარში დარჩენა მსხვერპლს 6 თვით შეუძლია.

 

სახალხო დამცველის მინოტორინგი თავშესაფრებში

 

სახელმწიფო თავშესაფრების მონიტორინგი პირველად წელს გამოქვეყნდა. მონიტორინგის დროს შემოწმდა თავშესაფარში მშობელთან ერთად მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა და მათი საჭიროებები. მონიტორინგი ჩატარდა ოთხ სახელმწიფო თავშესაფარში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

თავშესაფრების შინაგანაწესის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ (იგულისხმება დამცავი ან შემაკავებელი ორდერი), ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. გამოკითხვის მიხედვით, თავშესაფარში მოთავსების ვადა არასაკმარისია მსხვერპლის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. უმრავლესობას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელთა მოშუშებასაც დრო სჭირდება. სახალხო დამცველის ცნობით, ქალების უმრავლესობას, ოჯახიდან წასვლისას თან ახლავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მხოლოდ დედის იმედად რჩებიან, სანამ მამას ალიმენტი არ დაეკისრება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ალიმენტების დაკისრებისა და ქონების გაყოფის ფაქტები მწირია, ამიტომაც მსხვერპლ ქალებს ხშირად საკუთარი ძალებით უწევთ ცხოვრების გაგრძელება.

 

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა თავშესაფრებში ბავშვთა კვების პრობლემა – თავშესაფრებში ხილისა და ბოსტნეულის მცირე ჩამონათვალია, ასევე არ არის თევზეული და აუცილებელი სხვა პროდუქტები. ერთ-ერთმა რესპონდენტმა განმარტა, რომ მის შვილს ვირუსული ინფექციის გამო ექიმმა გამოუწერა პრეპარატები, რომლებიც თავშესაფარში არსებული მედიკამენტების ნუსხაში არ შედიოდა.

 

პრეპარატის მიღება აუცილებელი იყო დაუყოვნებლივ, ბავშვს კი წამალი სამ დღეს ვერ მიეწოდა. მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, თავშესაფრებში ასევე არ ჰყავთ ბავშვთა ფსიქოლოგი.

 

ანგარიშში წერია, რომ თავშესაფრები კეთილსაიმედოდაა მოწყობილი, ყველა მათგანში არის სისუფთავე და სითბო, ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. გათვალისწინებულია ბავშვთა საწოლები, დაცულია სანიტარული ნორმები. ასევე აუცილებელია რკინის კარი და 24-საათიანი დაცვა. რაც თავშესაფრებს აქვთ.

 

გარდა ამისა, საქართველოში ფუნქციონირებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ორი თავშესაფარი: თბილისსა და ბათუმში. ისინი შესაბამისი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულებია და ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაციის ცნობით, წელიწადში მათი დაფინანსება 6 მილიონზე მეტი ლარია. „იხარჯება იმდენი, რამდენიც საჭიროა“, – განუმარტეს “ბათუმელებს” ფონდში. „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა იმის გარკვევა, კონკრეტულად რამდენი ადამიანი მუშაობს მსხვერპლების რეაბილიტაციაზე, ან რა თანხა დაიხარჯა ბენეფიციარებისთვის ერთ წელში. შეპირების მიუხედავად ბიუჯეტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა ფონდიდან არ მოგვაწოდეს.

 

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წევრების ცნობით, ამ დაწესებულებას თბილისში ერთდროულად 10 ბენეფიციარის მიღება შეუძლია, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს. ბათუმშიც თავშესაფარში 10 სრულწლოვანი პირის მიღება არის შესაძლებელი. 2014-2015 წლის მონაცემებით, ორივე თავშესაფრის მომსახურებით გაცილებით მეტმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ისარგებლა, ვიდრე ტრეფიკინგის. თბილისის თავშესაფარში ხშირად ხდება იძულებითი შრომის მსხვერპლების განთავსება. თუმცა, არიან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლებიც, ხოლო ბათუმში თავშესაფარს მხოლოდ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები ითხოვენ.

 

ბათუმში განსაკუთრებით მაღალია სექსტრეფიკინგის შემთხვევები – ამ საკითხზე სახალხო დამცველი 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა: „თავშესაფრების ეზოები არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვს მაღალი ღობე ან დაცვის სხვა გარანტიები, რაც მცხოვრებ პირებს (განსაკუთრებით ბავშვებს) შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლათ ეზოთი. ტერიტორიის დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც პირის მსხვერპლობის ისტორიას შეიძლება უკავშირდებოდეს“.

 

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ იყენებენ იმ მექანიზმებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული. მისი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ ღიად რჩება სოციალურ მუშაკთა როლი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისათვის. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სამართალდამცავების ჩართულობა ყოველთვის არასაკმარისია. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სოციალურ მუშაკთა პასუხისმგებლობის ძალაში შესვლის თარიღად 2015 წლის 1-ელი სექტემბერი განისაზღვრა. თუმცა, რესურსების სიმცირიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ გეგმავს ძალადობის საკითხებზე სპეციალიზებული სოციალური მუშაკების დამატებას“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები

 

საქართველოში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან. ზოგს აქვს თავშესაფარი, ზოგი სამართლებრივად ეხმარება მათ. ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ თბილისის წარმომადგენელი ნანა ხოშტარია პროფესიით ფსიქოლოგია. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას აქვს კრიზისული ცენტრი, სადაც მსხვერპლს ათავსებენ 10-12 დღით. ეს ორგანიზაცია წელიწადში 20-25 მსხვერპლს იღებს. ნანა ხოშტარია ამბობს, რომ მსხვერპლებს ყველაზე მეტად თავშესაფრის პრობლემა აქვთ: „რომ დატოვოს ძალადობრივი ურთიერთობა, სჭირდება წასასვლელი. არის მსხვერპლი, ვისაც მშობლები იღებენ უკან, თუმცა უმეტესად არ აქვთ წასასვლელი“. 

 

ბათუმში, ქუთაისის #7-ში, ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტი გვანცა ლომაია მე-6 თვეა მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხზე და უკვე 14 ქალს დაეხმარა სასამართლოში. დავები ეხებოდა მოძალადე მეუღლესთან განქორწინებას, ალიმენტის დაკისრებას, ქონების განაწილებას, ბავშვის მიკუთვნებას. იურისტი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს ოჯახში ძალადობის თემატიკაზე და ასევე, ზოგადად, ქალთა უფლებებზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაში ქალთა უფლებების უკეთ რეალიზების ხელშეწობას ემსახურება, ცვლილებები და დამატებები შევიდა 17 კანონში, რაც პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ცვლილებებს დადებითად აფასებს იურისტი გვანაცა ლომაია: „თუმცა, მწვავე პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ ფუნქციონირებს არც ერთი კრიზისული ცენტრი. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო თავშესაფრები მხოლოდ იმ ქალებს ეხმარება, ვისაც მსხვერპლის სტატუსი აქვს. ხშირ შემთხვევაში, ქალებს არ სურთ ან ეშინიათ დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას, რომელმაც მათთვის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იზრუნოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდობლობაა. პოლიციის მიმართ უნდობლობასაც რომ დავანებოთ თავი, სტატუსის მინიჭება დროში გაწელილი პროცესია, მსხვერპლი ქალები კი მყისიერ დახმარებას საჭიროებენ. სწორედ ამისთვისა აუცილებელი კრიზისული ცენტრების არსებობა, სადაც ისეთ ქალებს შეიფარებენ, რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი