ახალი ამბები

რატომ იზრდება ავტოავარიების რიცხვი? – 514 გარდაცვლილი ერთ წელიწადში

20 ნოემბერი, 2015 • 2356
რატომ იზრდება ავტოავარიების რიცხვი? – 514 გარდაცვლილი ერთ წელიწადში


მაია, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ავტოავარიების შემთხვევა ბოლო წლებში?

19-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში ნომერ პირველი მკვლელი არის ავტოავარიები მთელ მსოფლიოში და არც საქართველოში გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. თუმცა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაცილებით მძიმე სტატისტიკა გვაქვს. თუ ევროპის ქვეყნებში ასი ათას კაცზე 6 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით, საქართველოში ეს ციფრი გაორმაგებულია და 12-ს და უფრო მეტსაც აღწევს. მარტო გასული წლის მონაცემებით, დაიღუპა 514 ადამიანი და 8 536 დაშავდა. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ციფრი ძალიან მაღალია. მაშინ, როცა ამ ავტოკატასტროფების 95 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია.

 

კონფერენციაზე იყო რომელიმე უწყების მხრიდან რაიმე ანალიზი წარმოდგენილი, თუ რა მიზეზით  იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა?

ავტოსაგზაო შემთხვევა არის კომპლექსური საკითხი და, ბუნებრივია, კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს. ერთი მხრივ, უნდა იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ადამიანების თვითშეგნება უნდა იყოს მაღალი. ამაში ჩვენს ორგანიზაციასაც შეაქვს თავისი წვლილი – საგანმანათლებლო კამპანიას ვეწევით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადდეს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში. შს სამინისტროს, მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ერთობლივი ამოქმედებით ვითარება უნდა შეიცვალოს.

 

ერთობლივ ქმედებებში რას გულისხმობთ?

იგულისხმება ჯარიმები, რადგან როცა ავტომანქანა გაჩერებულია იქ, სადაც არ უნდა იყოს გაჩერებული, მათ შორის ტროტუარებზე, რომელიც ქვეითების სავალი ნაწილია, უნდა დაჯარიმდეს მძღოლი. ჯარიმებმა გაამართლა ღვედებთან დაკავშირებით და მეტ-ნაკლებად მოიხსნა ეს პრობლემა. რა თქმა უნდა,  უკეთესია, რომ ადამიანი თვითშეგნებით იცავდეს წესებს, მაგრამ, რადგან ეს კულტურა საქართველოში არ არის, ჯარიმების დახმარებით უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საკითხების მოგვარებას რაც შეეხება, უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანებისთვის კომფორტული იყოს გადაადგილება და აღარ იყოს გადატვირთული ქუჩები და გზები. აქედან დაიწყო ბევრმა მაღალგანვითარებულმა ქვეყანამ.

 

წინა წლებშიც სახელდებოდა იდენტური მიზეზები, ვთქვათ ნასვამობა, გადაჭარბებული სიჩქარე, საგზაო წესების დარღვევა და ა.შ. ეს მიზეზები არ იცვლება. თქვენ ახსენეთ საგანმანათლებლო კამპანია, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს და რა იქნება უფრო ეფექტური, რომ ადამიანები უფრო მეტად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებაზე?

ნასვამობასთან დაკავშირებით 2011 წლიდან გვქონდა კამპანია „საჭესთან ფხიზლად! ამ კამპანიის ერთი კომპონენტი იყო საგანმანათლებლო აქციები – თბილისისა და რვა რეგიონის სკოლებში გვქონდა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები. მეორე კომპონენტი იყო ამ საკითხის ადვოკატირება და შეიცვალა კანონმდებლობა – 2014 წლიდან მოქმედებს მართვის მოწმობების ჩამორთმევა და მცირედი ცვლილებები არის ამ მიმართულებით.

 

ბევრ ქვეყანაში მიმართავენ სხვადასხვა ტიპის კამპანიას, ბანერები, ვიდეორგოლები და ა.შ. რა უფრო იმოქმედებს ქართველ მძღოლებზე და ხომ არ აპირებთ სამომავლოდ რაიმე ახალი კამპანიის წარმოებას ამ მიმართულებით?

 

ჩვენს ვებგვერდზე ბევრი ინფორმაციაა სიჩქარეზე, ნასვამობასა თუ სხვა მიზეზებზე, ჩვენი კამპანიის ფარგლებში ბანერებიც გვქონდა ქუჩებში განთავსებული. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ საგანმანათლებლო მუშაობას ახალგაზრდებში, მეორე მხრივ, სატელევიზიო რგოლებსა და ადვოკატორებაზე ვმუშაობთ. გვაქვს პროექტი ქვეითებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. მომავალი წლის მარტის ბოლოსკენ გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა. 

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღის აღნიშვნის ღონისძიებას თითქმის ყველა პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აქტიურობის დროა და უნდა ვიმუშავოთ ერთობლივად.

მასალების გადაბეჭდვის წესი