დღეს, 18 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ნარმანიამ მერიის სამსახურების უფროსების კანდიდატურები წარადგინა.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია გივი კუბლაშვილი. მერის თქმით, მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება, ასევე, პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვანელობის გამოცდილება. 1994 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში, პროფესიით იურისტია.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია გიორგი ბაგრატიონი. იგი არის ეკონომიკის დოქტორი, მუშაობს თბილისის მერიაში მას შემდეგ, რაც ნარმანია თბილისის მერად აირჩიეს. ხელმძღვანელობდა თბილსერვის ჯგუფს. მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია ირაკლი გვილავას კანდიდატურა. ნარმანიას თქმით, იგი 2013 წლიდან კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, ამჟამად საკრებულოს წევრია.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია ნოდარ ჭიჭინაძის კანდიდატურა. მერის თქმით, იგი არის პროფესიონალი ეკონომიკისტი. იყო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია ნინო სულხანიშვილი. 1993 წლიდან მუშაობდა მერიის სისტემაში. მას გამწვანებისა და ეკოლოგიის კუთხით 50-ზე მეტი ნაშრომი აქვს მომზადებული და მუშაობდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ვაკის გამგებლის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ წარადგინა ნოდარ ტურძელაძე, რომელიც ბოლო პერიოდში ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. მანამდე მუშაობდა ზედამხედველიბის საქალაქო სამსახურში.