ახალი ამბები

პაპუაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მოსამართლეზე არ აქვს გავლენა პირად ურთიერთობებს

10 ნოემბერი, 2015 • 942
პაპუაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მოსამართლეზე არ აქვს გავლენა პირად ურთიერთობებს
“მე არ მომისმენია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, მგონი, ეჭვი არავის არ ეპარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებებში, არასოდეს არ დამდგარა ეგ საკითხი. მაგრამ თუკი ეს ოფიციალურად წარდგენილია იმიტომ, რომ შუამდგომლობის ელექტრონული ვერსია მოსულია, ჩვენთან მოვიდა პირველად თუ პრესაში, ეგ სხვა საკითხია, იურიდიულად მოვა ის დოკუმენტი და სასამართლო ვალდებულია, რომ განიხილოს შუამდგომლობა ნებისმიერი მხარის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არც ერთ მოსამართლეზე რაიმე გავლენა მის პირად ურთიერთობებს არა აქვს, აღქმაც რომ არ იყოს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, სასამართლო, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად აღიქვამს და განიხილავს,”– განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. 
 
 
 
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ მოსამართლეები იგრძნობენ, რომ შუამდგომლობაში დასახელებული გარემოების გამო მათ აქვთ რაიმე უხერხულობა თუ დისკომფორტი, საქმეზე თავს აიცილებენ.
 
 
“თუ არ იგრძნობენ ამას, მაშინ იმასაც იტყვიან, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა ყველას მივმართო, რომ სასამართლოებს ვაცადოთ საბოლოო სიტყვის თქმა,”– ამბობს დავით უსუფაშვილი.
 
 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი ტელეკომპანია “საქართველოსა” (რომელის რუსთავი 2–ის ერთ–ერთი პარტნიორია და ყარამანიშვილები ფლობენ) და რუსთავი 2–ის საკონსტიტუციო სარჩელებზე ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან. 

 

პარლამენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ მოსამართღლეებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა აკავშირებით ნიკა გვარამიასთან.

 

“მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე,”– აღნიშნულია პარლამენტის შუამდგომლობაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი