შს სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ანუ 2 ნოემბერსვე განმარტა, რომ რევაზ ტაკიძის განცხადებაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. „ბათუმელების“ კითხვაზე, 3 ოქტომბრის სამუშაო დღის დასრულების დროისთვის გამოკითხა თუ არა გენერალურმა ინსპექციამ რევაზ ტაკიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე გააკეთა განცხადება, შს სამინისტროს პრესცენტრში პასუხობენ: „მიმდინარეობს შესწავლა“.
მოქალაქე რევაზ ტაკიძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ ის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს პოლიციელებმა ყაჩაღობის აღიარების მოთხოვნით, ხოლო ქობულეთის პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ:
„27 რიცხვში დამაკავეს სარფის გამშვებ პუნქტზე ანთაძემ და დიასამიძემ. გამომიყვანეს ქობულეთის პოლიციაში. შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მე მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი არ ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუარა წამლით გაგივსებ ჯიბეებს და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“.