ახალი ამბები

პარლამენტში კობახიძის მოხსენებას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება

28 ივნისი, 2024 •
პარლამენტში კობახიძის მოხსენებას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება

დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების უმრავლესობამ პარლამენტის სხდომებს მას შემდეგ აღარ ესწრება, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი მიიღო მიმდინარე წლის 28 მაისს.

ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ წევრები ესწრებიან.

თუმცა ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ სხდომაზე დასწრება და დებატებში შესვლა ვერ გაბედა“.

გარდა ოპოზიციის წევრებისა, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც, რომელთაც საქმიანობა ეზღუდებათ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით.

მისი გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის დღეს შენობაში მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტირებული ჟურნალისტები დაიშვებიან.

დღეს იხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ამ ეტაპზე უცნობია, ხელისუფლება გეგმავს თუ არა რიგგარეშე სხდომების დანიშვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი