როგორც მოქალაქეთა განცხდებაშია ნათქვამი, პეტიციის მომზადება პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებაზე მხატვარ ლია უკლებასა და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ გაკეთებული შეფასების შემდეგ მიიჩნიეს საჭიროდ.
“აღნიშნული შეფასება იძლევა შეშფოთების საფუძველს, რომ შესაძლოა სხვადასხვა რადიკალურად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა პატრიარქის განცხადება აღიქვან როგორც მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფები წლების მანძილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათთვის მიუღებელი მოსაზრებებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლისკოს პატრიარქს”, – წერია პეტიციაში.
პატრიარქის შეფასებით, “არის ერთი სამწუხარო ამბავი – წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”.
მოქალაქეები აღნიშნული პეტიციით მიმართავენ პრეზიდენტს, პრემიერსა და პატრიარქს:
საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლიკოს პატრიარქს.
საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციისა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების გარანტი, მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს ნათელი განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, უზრუნველყოს მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება.