თამარ ფხოველიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თანხების უკანონო გადარიცხვების სქემის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა გააცნო. მისივე თქმით, ეს სქემა ცაბუტაშვილის მოადგილემ ფინანსურ საკითხებში, კახაბერ სოლოღაშვილმა შეიმუშავა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ცაბუტაშვილს მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა ანთებული.
“დამიძახა ბატონმა არჩილ ცაბუტაშვილმა, ჩვენ გავიარეთ რაღაც პროცედურული საკითხები და მან მითხრა, რომ კახაბერ სოლოღაშვილმა მოიფიქრა სქემა, რომელსაც მე მეტყოდა, ამიხსნიდა, როგორ უნდა განხორციელებულიყო და მე ეს სქემა აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა. კონკრეტულად არჩილ ცაბუტაშვილმა ეს ვერ ამიხსნა, მითხრა, რომ ამაში დეტალურად, რა როგორ უნდა ყოფილიყო, გამარკვევდა კახა სოლოღაშივილი. მითითება, რომ რაღაც სქემა იყო უკვე მოფიქრებული და ამაში გამარკვევდა კახა სოლოღაშვილი და უნდა შესრულებულიყო, ეს დავალება იყო არჩილ ცაბუტაშვილისგან.”
გარდა ამისა, თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, ცაბუტაშვილმა მას უთხრა, რომ არ შემოვიდოდა ფინანსური პოლიცია და მსგავსი არაფერი არ მოხდებოდა.
“შემოსვლის შემთხვევაშიც, პასუხისმგებელი იყო ის. ის იყო ზვიად ჯანყარაშვილის მიერ დანიშნული ამ თანამდებობაზე, არჩილ ცაბუტაშვილი, და თვითონ ძალიან ხშირად იმეორებდა ამას, რომ არაფრის არ მეშინიაო, საკმაოდ ძლიერი ზურგი იდგა მის უკან,”– განაცხადა ფხოველიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვინ უნთებდა მწვანეს ცაბუტაშვილს, თამარ ფხოველიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ცაბუტაშვილი ამ თანამდებობაზე ჯანყარაშვილის დანიშნული იყო და ისინი ახლო მეგობრები იყვნენ.
“ყველამ ვიცოდით, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა დანიშნა არჩილ ცაბუტაშვილი. ცაბუტაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც შავლიაშვილთან, ასევე ხოკრიშვილთან, არა მხოლოდ სამსახურეობრივი, იმიტომ, რომ შავლიაშვილამდე ხოკრიშვილი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და ზოგადად, ძალიან კარგი ურთიერთიბა ჰქონდათ. რაც შეეხება ამ ცვლილებას, ის, რომ ბატონი არჩილი გადავიდა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ და იქიდან წყალმომარაგების კომპანიაში გადმოვიდნენ გარემოს დაცვიდან ხალხი, ესეც იყო ერთგვარი შეთანხმება,”– განაცხადა მან.
თამარ ფხოველიშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ცაბუტაშვილი და სოლოღაშვილი სასამართლომ მოწმის სახით უკვე დაკითხა.
“ისინი თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ზოგადი პასუხებით შემოიფარგლნენ. შეიძლება ითქვას, რომ იგივე ბატონი არჩილ ცაბუტაშვილის დაკითხვამ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი მივიღეთ. დაცვის მხარე ამ პოზიციას საკამათო სიტყვის წარმოთქმის დროს შეაფასებს.”
რაც შეეხება ჯანყარაშვილს, ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა იმიტომ, რომ არც ბრალდებას და არც დაცვას არ ჰყავდა შეყვანილი მოწმეთა სიაში.
“რაიმე სახის ინფორმაცია ამ პიროვნებაზე არც ბრალდებას და არც დაცვას არ გააჩნდა. ის, რაც ქალბატონმა თამარ ფხოველიშვილმა დღეს ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მისცა ჩვენება, რეალურად, ეს არის ის რეალობა, რაც ხდებოდა, სამწუხაროდ, წყალმომარაგების კომპანიაში და ამით ალბათ უფრო კარგი იქნება დაინტერესდნენ საგამოძიებო სტრუქტურები და უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ თამარ ფხოველიშვილის მიერ მიცემული ინფორმაციები და ჩატარდეს ამაზე გამოძიება,”– ამბობს გაგი მოსიაშვილი.
თამარ ფხოველიშვილი, მისი ქმარი ზურაბ ნუცუბიძე და ფხოველიშვილის თანამშრომელი ნათია ნავროზაშვილი ამ საქმეზე სსკ–ის 182–ე მუხლით არიან ბრალდებულები, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გაგი მოსიაშვილის თქმით, ფხოველიშვილის განმარტებითა და აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ არც ნავროზაშვილი და არც ნუცუბიძე აქ არანაირ შემხებლობაში არ არიან.