ახალი ამბები

საპატრიარქო რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხზე ზომების მიღებას ითხოვს

2 ნოემბერი, 2015 •
საპატრიარქო რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხზე ზომების მიღებას ითხოვს

განცხადებაში ნათქვამია, რომ ილიაუნიში კონფერენციაზე გამოტანილი “საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით ფეხმძიმე ღვთისმშობელის ნახატი უდიდესი მკრეხელობაა”. 

 

“ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა.  მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნენი ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს”,- წერია განცხადებაში.

 

აქვე წერია, რომ “საპატრიარქო აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელგიური გრძნობების შეურაცხყოფა თუ ღვთის გმობა სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყნაში: მაგ. იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას”.

 

თავის განცხადებაში საპატრიარქო ილიას უნივერსიტეტსაც აკრიტიკებს და მის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

 

“საზოგადოებას შევახენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არა მარტო მორწმუნეთა შეურაცხყოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე.წ. ,,მეცნიერული დაკვირვებები“ მათზე; ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულებელყოფაზე”.


მხატვარ ლია უკლებას ნახატზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემაც ისაუბრა გუშინდელ საკვირაო ქადაგებაზე და ნახატს ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა.


„მარიამი სათამაშო პისტოლეტით“, ასე ჰქვია მხატვრის, ლია უკლებას ნახატს, რომელსაც თავად ავტორი ასე განმარტავს: მარიამი ალბათ დაგვტოვებდა უღმერთოდ და თავსაც მოიკლავდა, თუკი მიხვდებოდა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა ქრისტესშობის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი