ახალი ამბები

ღარიბაშვილმა პოროშენკოს სააკაშვილზე წერილი მიწერა

2 ნოემბერი, 2015 •
ღარიბაშვილმა პოროშენკოს სააკაშვილზე წერილი მიწერა

“საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავრობამ წერილთან დაკავშირებით გაავრცელა.

 

აქვე წერია, რომ პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება.

 

“პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს”,- წერია განცხადებაში. 

 

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.

 

კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22 მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს: “თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე განმარტებები გააკეთეს როგორც ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ, ასევე, მიხეილ სააკაშვილმაც.


მასალების გადაბეჭდვის წესი