ახალი ამბები

კახი კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს

31 ოქტომბერი, 2015 •
კახი კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს

განცხადებაში, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტომ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.

 

კახი კახიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო, სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი შრომა იყო გასაწევი.

 

“სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა კახი კახიშვილმა. 

 

მინისტრის შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმები გატარდა, რაც სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში გამოიხატება. კახიშვილის თქმით, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

კახი კახიშვილის კანდიდატურა არასამთავრობო სექტორმა წარადგინა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად. კახიშვილის გარდა პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილია მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები. საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა. 

კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო
კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი