“ვემიჯნებით ყველა პოლიტიკრუო პარტიის დღის წესრიგს, მათი თამაშის წესებს, ჩვენი სურვილია ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით, ვაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა საზოგადოების ერთ ნაწილში დატოვა კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. საუბარია პოლიტიკურ და ანალიტიკურ გადაცემებზე”, – განაცხადა ლაფერაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინზე.
მისი თქმით, ეს ინიციატივა არასამთავრობოებთან დახურული შეხვედრის დროს განიხილეს.
“საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების ფარგლებში. მისცემს არხს რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით. ეს იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო, რომელიც დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებს”.
რუსთავი 2 მიმართავს მედიის მიმართულებით აქტიურად მომუშავე ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა ამ წამოწყებაში.
ორგანიზაციები, რომელთაც ტელეკომპანია სათანმშრომლოდ განიხილავს, არის საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, სამართლიან არჩევნები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი ინტერნიუსი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. გარდა ამისა, როგორც გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა, იმავე თხოვნით უკვე მიმართეს ჟურნალისტებს- ნინო ჯაფიაშვილსა და ნინო ივანიშვილს და მედიამკვლევარ ნინო დანელიას.
“ჩვენი სურვილია უახლოესი დღეების განმავლობაში ჩამოყალიბდეს ეს საბჭო და სხდომა დაინიშნოს”.