ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაარბიეს პარტიის ფოთის რაიონული ოფისი. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამტვრეული შუშები და დაზიანებული შენობის ფასადი.

ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის თქმით, სავარაუდოდ, შუშას 7-8-ჯერ ესროლეს მძიმე საგანი.

“მოვედით ოფისში. გარედან მაინცდამაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი. ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შედეგადაც დაიმსხვრა ფანჯრები”, – ამბობს ხომერიკი.

მისივე თქმით, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ამიტომ პოლიციას თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა დავით ხომერიკი ფიქრობს, რომ მომხდარი წახალისებულია ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, არ აქვს გამოძიების იმედი.

ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. 1 ივნისს პარტიის ცენტრალური ოფისი ხელკეტებით და ქვებით ათეულობით შეიარაღებულმა ადამიანმა დაარბია. დარბევის დროს შენობაში იმყოფებოდნენ ენმ-ის წევრები. მათ შორის, მაშინდელი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მისი 14 წლის შვილი. გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ორი თვის წინ ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. მისი თქმით,  სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა ხაბეიშვილის პარტიის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად.

მიმდინარე წლის აპრილ-მაის-ივნისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, არაერთ ადამიანს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს ხვდებოდნენ სახლებთან, სამსახურებთან და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არავის უგია პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ცნობილი გახდა თავდამსხმელთა ვინაობა, მათი გარეგნობა, ან ავტომობილის ნომერი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ.