ახალი ამბები

ბეჟაშვილი: ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე გამოძიების ქონების დაზიანების მუხლით დაწყება, ცინიკურია

1 ივნისი, 2024 •
ბეჟაშვილი: ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე გამოძიების ქონების დაზიანების მუხლით დაწყება, ცინიკურია

შსსმ ცინიკურად საქმე აღძრა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ ის არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა”, – ეს განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა პარტიის ცენტრალურ ოფისზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას.

“მოვუწოდებთ შსსს, გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამ მუხლით დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება. შსსმ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ენმ-ის ცენტრალური ოფისი თბილისში, რომელიც აეროპორტის გზაზე, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, ღამით ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა ათეულობით ადამიანმა დაარბია.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თავდასხმა დაახლოებით 02 საათზე მოხდა და ამ დროს ოფისში პარტიის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის თვითონაც იქ იყო 14 წლის შვილთან ერთად.

მისი თქმით, რომ არ პარტიის წევრების წინააღმდეგობა, თავდამსხმელები ოფისის შიგნითაც ცდილობდნენ შეღწევას.

“50 – მდე ნიღბიანი, შეიარაღებული დაგვესხა თავს ენმ – ს ცენტრალურ ოფისში… ნახეთ კადრები, რაოდენობა და აუცილებლად ნახეთ ბოლოს როგორ გარბიან… რუსული კანონი მოქმედებაში გამოიყურება ასე – ტერორი… ძალა ხალხშია 🇬🇪🇪🇺”, – წერს ხაბეიშვილი და დასძენს, რომ პოლიცია ადგილზე მაშნ მივიდა, როცა თავდასხმა უკვე დასრულებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი