“მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ ვიმყოფებით დღეს კრიზისში, პასუხი არის მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ თვალწინ ამ დღეებში მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სრულიად ნათელია, მთავრობა ქიბარ ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიის ფუნდამენტს, ამ ყველაფერმა ქვეყანა დაპირისპირების საფრთხის სერიოზული რისკის წინაშე მიიყვანა. ამიტომ პირველი და მთავარი კითხვა, თუ რატომ არის ქვეყანაში დაძაბულობა, საჭიროებს ერთ და მარტივ პასუხს: მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვა დამოკიდებულია პროცესის შეჩერებაზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
“რაც შეეხება ძალადობას, მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო. ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირ დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რეგიონებში. არც ერთ ჩვენ აქტივისტს არ გადაუდგამს საპასუხო ნაბიჯი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ვიბძრვით”, – თქვა ბაქრაძემ.
გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბრიდან იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით. სუს-ის ცნობით, ისინი ასევე დაკითხავენ გუშინდელი სატელეფონო საუბრის მონაწილეებს და დაადგენენ ამ ჩანაწერების წარმომაველობასა და ავთენტურობას.