აქტივისტი კოტე აბდუშელაშვილი ამბობს, რომ თავს დაესხნენ. შემთხვევა 25 ივნისს, საღამოს საათებში, ფილარმონიასთან, 51-ე საჯარო სკოლის წინ მოხდა. ვიდეოში, რომელშიც ის მომხდარის შესახებ ჰყვება, ჩანს, რომ დაზიანებები აქვს თავის არეში და კიდურებზე.
აქტივისტი თავდასხმას უკავშირებს მისი და სოფელ ზოდის მცხოვრებლების პროტესტს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მანგანუმის მოპოვების სამუშაოების გამო.
“წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი. ნიღბებით იყვნენ. ზურგიდან, უკნიდან დამარტყეს. წაქცევის დროს სამი ადამიანი შემდგა და კიდევ კარგი, აქ ხალხი იყო და სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება უფრო რთულადაც ყოფილიყო სიტუაცია. ცოტა სისხლი მომდის, მაგრამ არა უშავს, გამივლის.
პატრულმაც დამისვა კითხვა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ხომ არ ხარო. არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ ვარ. არც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. ჩემი წევრობა არის სოფელი ზოდი. ამას უკავშირდება ახლა ეს თავდასხმა”, – ამბობს კოტე აბდუშელაშვილი.
მისი თქმით თავდამსხმელები მანქანით იყვნენ, მათი გაქცევის დროს კი შეძლო მანქანის გადაღება. გარდა ამისა, ხაზს უსვამს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი სათვალთვალო კამერაა, ამიტომ პოლიციას თავდამსხმელემის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს. ამის მიუხედავად, აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
იგივე მოლოდინი აქვს მას ნიკო გაფრინდაშვილზე თავდასხმის საქმეზეც. გაფრინდაშვილიც, აბდუშელაშვილის მსგავსად, სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრია. მან თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ, 22 ივნისს გაავრცელა.
“ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როგორც ნიკომ თქვა. ერთი ადამიანი შეგაკვდებით მარტო იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში არ ვიცხოვროთ. ვის ესხმით თავს, ვის?! რატომ?! უკვალოდ არ ჩაივლის, ეს დაიმახსოვრეთ”, – ამბობს კოტე აბდუშელაშვილი.
მოძრაობის ინფორმაციით, ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ნიკო გაფრინდაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს.
“ნეტგაზეთი” მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გაგებას სახელმწიფო უწყებებისგან ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.