სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი მოძრაობის წევრის, ნიკო გაფრინდაშვილის თქმით,  22 ივნისს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამასთან დაკავშირებით ვიდეო „სოფელი ზოდის“ ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

როგორც ნიკო გაფრინდაშვილი აღნიშნავს, მას ფიზიკური დაზიანებები და ტვინის შერყევა აქვს.

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრები ფიქრობენ, რომ მომხდარი 30 ივნისს დაანონსებულ პროტესტს უკავშირდება.

„შეიარაღებულები იყვნენ ბლაგვი საგნებით, ხელკეტებით. მომეპარნენ, მოულოდნელად თავში რამდენჯერმე დამარტყეს. სულ ოთხი იყვნენ და დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. საავადმყოფოში სასწრაფოთი წავედი. მაქვს ფიზიკური დაზიანებები, ტვინის შერყევა.

ამით, ალბათ, ჩემი ხმის ჩახშობა უნდოდათ. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს ამბავი 30 ივნისს დაანონსებულ შეკრებას უკავშირდება. პროტესტს გამოვხატავთ იმის გამო, რომ არ გვინდა სახლები დაგვენგრეს. საკუთარი სახლების დაცვის გამო ორგანიზებულად დამესხნენ თავს. მათდა სამწუხაროდ, ცეცხლზე ნავთი დაასხეს. ეს უფრო გააძლიერებს ჩვენს შეკრებას, 30 ივნისის მშვიდობიან პროტესტს. არავინ დაიხიოთ უკან. გთხოვთ, გაორმაგებული ძალებით შეუერთდეთ პროტესტს 30 ივნისს“ ,— აცხადებს ნიკო გაფრინდაშვილი ვიდეოში.


სოფელი ზოდის მოსახლეობა მოითხოვს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათი სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვების სამუშაოები შეაჩეროს. მათი თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, განისაზღვროს, სად არის ინდუსტრიული ზონა და სად არის საცხოვრებელი ზონა. მათივე განცხადებით, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები საფრთხეს უქმნის სოფლის ინფრასტრუქტურას, ანადგურებს მიწას, ჩნდება ნაპრალები და სეისმური კერები.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მიმდინარე წლის აპრილ-მაის-ივნისში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებს ხვდებოდნენ სახლებთან, სამსახურებთან და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არავის უგია პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ცნობილი გახდა თავდამსხმელთა ვინაობა, მათი გარეგნობა, ან ავტომობილის ნომერი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ.