საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი გამოეხმაურა კრიტიკას იმის გამო, რომ ბუდუ ზივზივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით ითამაშა. დისკუსიას იმის შესახებ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ზივზივაძის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციები იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სანიოლი უარყოფს.
მისი თქმით, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში და ვინ იჯდება სათადარიგო სკამზე, მხოლოდ ის წყვეტს საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე.
“ის [ბუდუ] გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. განსხვავებული მიდგომა ვარჩიე ჩეხეთის წინააღმდეგ თამაშისას. პორტუგალიასთან თამაშის შესახებ ჯერ არ გადამიწყვეტია. თქვენ ამას პოლიტიკას უკავშირებთ. მე ამისგან [პოლიტიკისგან] საკმაოდ შორს ვარ. იმიტომ, რომ მე მინდა მივიღო საფეხბურთო ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ეს ყველაფერი სასაცილოა იმიტომ, რომ 6-7 თვის წინ ხალხის დიდი ნაწილი მლანძღავდა, როცა [გიორგი] მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავტოვე და ბუდუს დავაწყებინე თამაში ძირითად შემადგენლობაში. ახლა ისევ მლანძღავენ ვიღაც ბრიყვები – მე შემიძლია ამის თქმა – საფეხბურთო არგუმენტების გარეშე. მე აღარ შემიძლია ამის მიღება. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი, სხვა არაფერი, და ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. ვინ ითამაშებს, ან ვინ არ ითამაშებს ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია. სულ ეს არის. ბოდიში ამ ტონისთვის, მაგრამ ბოლო დღეები თავს ცუდად ვგრძნობ ამის გამო”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში თურქეთთან გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძე მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს შევიდა. მეორე მატჩში, რომელიც ჩეხეთთან გაიმართა, ზივზივაძეს საერთოდ არ უთამაშია.