ახალი ამბები

ბოკერია და გვარამია სუს-ში დაკითხვაზე მივიდნენ [ფოტო]

30 ოქტომბერი, 2015 •
ბოკერია და გვარამია სუს-ში დაკითხვაზე მივიდნენ [ფოტო]

 

“პირველი, ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი, და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვუყვები სახელწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. მეორე, კარგად მოუსმინეთ ამ ჩანაწერებს და იმედი მაქვს კარგად მოუსმინეთ, იქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რუსთავი 2-მა უნდა დაგეგმოს ვინმესთვის სროლა, სახელმწიფო უწყებებში შესვლა. სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი რუსთავი 2-ის შენობაში, ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება. სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭიროა, რომ შეიჭრა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, აიღო ხელისუფლება და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას და ეს პირველად არ მომხდარა, რომ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამომსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

გვარამიას თქმით, იგი სააკაშვილის ამ მოსაზრებებს არც მაშინ და არც ახლა არ იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების ქცევიდან გამომდინარე ეს რწმენა საეჭვო გახდა. რაც შეეხება დაკავებას, გვარამია ამბობს, რომ ამის მოლოდინი აქვს:

 

“ვარაუდი ამისი ყოველთვის მაქვს, ეს არის მოსამართლე ურთმელიძის და პრემიერ ღარიბაშვილის ქვეყანა, საბოლო ჯამში, ივანიშვილის ქვეყანა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს”


 

გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი ამოცანაა, რომ ვითარება კონსტიტუციის ფარგლებში იყოს და მივიდნენ 2016 წლის არჩევნებამდე.


 

“მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პირველ რიგში, ფორმულა სიმშვიდის, ფორმულა ვითარების შედარებით მაინც ნორმალურობისკენ დაბრუნების არის ძალიან მარტივი: უნდა შეეშვან რუსთავი 2-ს. უნდა ხელი აიღონ იმ მცდელობაზე, რომ ჩაიგდონ ინფორმაციის მთავარი წყარო ხელში სასამართლოზე, კოსტიტუციაზე, ჩვენს თავისუფლებაზე ძალადობის გზით. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რომელიც მყისიერად განმუხტავს ვითარებას”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობას წინ ფიზიკურად აღუდგებოდნენ.

 

 

“რაც შეეხება ბოევიკებს, მგონი, ყველასთვის ნათელია საღი აზრის ფარგლებში, ვინც უსმენდა, რომ აქ რამე შეიარაღებულ ხალხზე კი არა, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც იმედი მაქვს გადაიფიქრებს”

 

 

ბოკერიას განცხადებით, ისინი განიხილავდნენ ყველა შესაძლო ვარიანტს, რაც შეილება გამოეყენებინათ რუსთავი 2-ის დასაცავად.


გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საკითხზე. საუბარი შეეხება რუსთავი 2-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობით და “ბოევიკების” მონაწილეობით.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბრიდან იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით. სუს-ის ცნობით, ისინი ასევე დაკითხავენ გუშინდელი სატელეფონო საუბრის მონაწილეებს და დაადგენენ ამ ჩანაწერების წარმომაველობასა და ავთენტურობას.

გიგა ბოკერია დაკითხვაზე მივიდა სუს-ში, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი
გიგა ბოკერია დაკითხვაზე მივიდა სუს-ში, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ნიკა გვარამია დაკითხვაზე მივიდა სუს-ში, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი
ნიკა გვარამია დაკითხვაზე მივიდა სუს-ში, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე მივიდნენ, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი
ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე მივიდნენ, 30.10.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი