“შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ეს პირები და რომლებსაც ოდესღც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, – “ეს არის ის ხალხი, ისინი, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, ვინც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ტელევიზიებს, ვინც ბიზნესმენების ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებულები. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია”.
პრემიერის თქმით, ძალოვანი უწყებები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვან.
“შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად დავდგეთ, განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, და არ დავუშვათ არეულობა.
მინდა მოვუწოდო საქართველოში და საზღვარგარეთ ყველას, თავი შეიკავეთ ამ საკითხების პოლიტიზებისგან და სასამართლო სისტემაზე ზეწოლისგან. მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება, რომ მოსამართლემ მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უპირობოდ მედიის თავისუფლებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მიმართა მოსახლეობას და ჟურნალისტებს:
“მათ, ვინც ჩანაწერები მიხედვით გეგმავს დადგმულ შეთქმულებაში მონაწილებას, კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული მოქალაქის , ჟურნალისტის უფლება იქნება დაცული, მივმართვა ჟურნალისტებს – კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოვჩნდეთ ამ პროვოკაციის თანამონაწილეები. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. დავდგეთ ამ პროვოკაციებსა და სიძულვილზე მაღლა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრიფინგის გამართვამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვდერა გამართა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ საიტებზე გუშინ გავრცელებული სატელეფონო საუბრებით დაინტერესდა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანებელს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა.
გუშინ გავრცელდა უკრაინულ საიტზე ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და “ბოევიკების” გამოყენებით.
გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.
სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.