“ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
ნ. გვარამიას მედიამიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას”, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
შსს–ში აცხადებენ, რომ სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.
“მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, – აცხადებენ შსს–ში.
ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს, 13:00 საათიდან მივიდნენ ტელეკომპანიის ეზოში და დაიცვან ტელევიზია. “არსებობს რისკი, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ვიხილავთ რუსთავი 2–ის ეზოში, სპეცრაზმი ყაზარმულზეა გადაყვანილი და ელოდება ბრძანებას, რომლის ობიექტი იქნება რუსთავი 2”, – განაცხადა გვარამიამ.