ახალი ამბები

პრემიერი: ვერ მივიღებთ კრიტიკას, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესში მთავრობა ჩართულია

28 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი: ვერ მივიღებთ კრიტიკას, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესში მთავრობა ჩართულია

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველოში ახალი ტელევიზიის გახსნა 10 დღეში არის შესაძლებელი, რომელსაც შეუძლია, სამ დღეში დაიწყოს მაუწყებლობა საქართველოს მასშტაბით, როგორც ციფრული მაუწყებლობის, ისე სატელიტის მეშვეობით ან საკაბელო ტელევიზიით.

 

„სამი წლის წინ არათუ ათ დღეში, 10 წელიწადში ვერავინ შეძლებდა ტელევიზიის გახსნას და ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი არხი. მედიაგარემოს თავისუფლების კუთხით ჩვენ ვართ ლიდერები მთელს ფართო რეგიონში და ამას ადასტურებს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. საქართველოში უფრო მარტივად და სწრაფად შეგიძლია გახსნა ტელევიზია, ვიდრე – საფრანგეთში, გერმანიაში ან აშშ-ში. მედიაგარემოს თავისუფლებასა და მედიასაშუალების შექმნის სიმარტივეზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს და მათ არავითარი შეფერხება არ აქვთ ხელისუფლებისგან, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა – აბსოლუტურად ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მათგან 130-მდე ავტორიზებული ტელემაუწყებელია, 35 – ღია საეთერო მაუწყებელი, ასობით სააგენტო და გაზეთი. ამიტომ მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან. რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიგოს სიმართლე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოში არასოდეს შეიზღუდოს მედიასაშუალებების ფუნქციონირება, იმის მიუხედავად, ეთანხმება თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას.

 

„მოგვწონს თუ არა რომელიმე სიუჟეტი, ეს მეასეხარისხოვანია. მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება ქმედებაში, ეს საგანგაშოა. დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?!

 

საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუელებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის. დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ეს „რუსთავი 2“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშმა სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა პროკურატურას, დაწყებულიყო გამოძიება ძალდატანებით „რუსთავი 2“-ის დათმობასთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია, რადგან ხელისუფლებას ესმის მედიასაშუალებებთან დაკავშირებული საკითხის სენსიტიურობა და პრინციპული პოზიცია აქვს, რომ არასოდეს ჩაერიოს მედიის საქმიანობაში.

 

„ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში ჩვენი მთავრობა რაიმე ფორმით ჩართულია. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, თავისუფალ გარემოში მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა ვალდებულია, განურჩევლად თანამდებობისა თუ პრივილეგიებისა, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მოსწონს თუ არა ის. მინდა, ყველას მოვუწოდო, პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ძალიან გთხოვთ, სასამართლოსთან მიმართებაში ყველანი ვიყოთ კორექტულები. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოს საქმე და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველა ძალისთვის, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ფასეულია უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების განცხადებები, თუმცა დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღებელია, რადგან ხელისუფლება მოწოდებულია, კიდევ უფრო გააუმჯობესოს მიღწევები, რომელიც აქვს სამი წლისთავზე.

 

„სკეპტიკოსებს, რომლებმაც ვერ დააფასეს დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც ჩვენ შევქმენით, მინდა შევახსენო, რომ 2007 წელს „იმედი“დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, „იმედი“ დაიპყრეს და ამის შემდეგ თავად მართავდნენ მას 2012 წლის ოქტომბრამდე. ესეც არცთუ ისე შორეული წარსულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი