კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად იქნა შერჩეული. საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა. 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა 78 ხმით იქნა დამტკიცებული.
გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005 წლიდან გიორგი ფანგანს ეკავა სხვადასხვა პოზიციები, ხოლო 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს.
გიორგი ფანგანი მონაწილეობდა სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების განუხრელ დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.