“რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარი“ დროდადრო იცვლება. ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაკეთებული ბანერი წარწერით Республика Южная Осетия საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა. მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას”, – წერია IDFI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება იმ სოფლებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა, ესენია დიდი და პატარა ხურვალეთის დასახლებული ნაწილი. ასევე, 2013 წელს მავთულხლართების გავლების შედეგად არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა სოფელ გუგუტიანთკარის დასახლებული ნაწილი. ასევე გაიყო სოფელი ზარდიანთკარი, ღოღეთი. მიტაცებულ ტერიტორიებს შორის აღმოჩნდა სოფლების- დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვის და ქვეშის ნაწილები. ჯარიაშენი კი მიმდინარე, 2015 წელს თითქმის მთლიანად მათვთულხლართებით შემოიღობა და საზღვრის იქით აღმოჩნდა.
“რუსი ოკუპანტები საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. რუსული გეგმის მიხედვით, ე.წ. საზღვარი სოფელ ყარიფალაზე გადაიკვეთა და საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცა. არსებობს საფრთხე, რომ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში ამ სოფლების დასახლებული ნაწილიც მავთულხლართების იქით აღმოჩნდეს. Google Map-ის მიხედვით ე.წ. საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს შემდეგი სოფლები – ზემო ნიქოზი, ერგნეთი, დიცი, მეჯვრისხევი, ფლავისმანი, წითელუბანი, ყარაფილა, სარიბარი, თვაურები, ავლევი”.