ახალი ამბები

რეკომენდაცია წამების კადრების გამავრცელებელ რესურსებზე წვდომის შეზღუდვისთვის

26 ოქტომბერი, 2015 •
რეკომენდაცია წამების კადრების გამავრცელებელ რესურსებზე წვდომის შეზღუდვისთვის

ინსპექტორი ამ რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს ბოლო კვირის განმავლობაში წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების  გავრცელების და მათი შემდგომი ტირაჟირების ფაქტებთან დაკავშირებით.

 

წამების მსხვერპლთა, მათი ოჯახის წევრთა უფლებებისა და ღირსების დაცვის, ასევე, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით ინსპექტორი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ორგანიზაციას და მოქალაქეს თავი შეიკავონ წამების ამსახველი ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისგან, განსაკუთრებით საჯარო და ინტერნეტსივრცეში. 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე უკრაინულ საიტებზე ვრცელდება საქართველოში წინა ხელისუფლების პერიოდში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალები, რომლებიც საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებამ სამეგრელოს სამალავებში, ე.წ. კასრებში აღმოაჩინა. ამ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გრიფი ვრცელდება ვიდეომასალებზეც. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა კადრების გავრცელების საქმის გამოძიება, თუმცა მას შემდეგ დამატებით ორჯერ გავრცელდა ახალი ვიდეომასალები.


ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმები ხორციელდება. თავდაპირველად ოფისებთან მიიტანეს პლაკატები, წარწერით – ლიკვიდირებულია, რადგან მოწინააღმდეგების ნაწილი ითხოვს ენმ-ს აკრძალვას საქართველოში. შემდეგ ოფისებს შეასხეს წითელი საღებავი, ხოლო დღეს გააკრეს პლაკატები ენმ-ს შეურაცხმყოფელი წარწერებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი