“ჯეიმსი NATO-ს სახეა საქართველოში და NATO-სთან ასოცირდება. ის მუდამ მზადაა ჩამოვიდეს და დიალოგი ჰქონდეს, ისაუბროს სხვადასხვა ტრიბუნიდან”,- განაცხადა ხიდაშელმა აპატურაისთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განცხადა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს და საქართველოს პატრნიორების გზავნილები ვარშავის სამიტამდე იყოს იდენტური, ვინაიდან ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ერთიანობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – NATO-ს წევრ ქვეყნებთან.
საქართველოში დღეს ნატოს კვირეული დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
NATO-ს კვირეულს ახორციელებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.
ნატოს კვირეულის ცალკეულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მერვედ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ვარშავის სამიტამდე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო ღონისძიება იქნება.