ახალი ამბები

პრემიერი: მოსახლეობა ერთსულოვნად მზადაა რეალობად აქციოს ევროატლანტიკური ამბიციები

26 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი: მოსახლეობა ერთსულოვნად მზადაა რეალობად აქციოს ევროატლანტიკური ამბიციები

სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, საფრთხეებთან ბრძოლისთვის საჭირო პრინციპები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვილისას. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ საფრთხეებთან და არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად საჭიროა მეტი ჩართულობა და პარტნიორობა.

“მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება, ჩვენ გვჭირდება ჩართულობა. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს კონფლიქტებს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო. პირიქით, მათ აქვთ გავლენა ჩვენზე. მეორე პრინციპია პარტნიორობა. დღევანდელ მსოფლიოში, როცა ძალაუფლება სულ უფრო ფრაგმენტირებულია, გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი თუ იქნება. პარტნიორობა ქართულ გენშია ჩადებული. სწორედ ამიტომაც ვისწრაფვით ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,” – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის, გატარების მკაფიო მანდატი.

“დღეს ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წინსვლას, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი მზარდი ეკონომიკა მუშაობს ყველა საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერებულია, ხოლო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წყალობით ცხოვრება უფრო უსაფრთხოა,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მტკიცე უსაფრთხოება მიიღწევა მხოლოდ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე. მისი ინფორმაციით, შარშან საქართველომ მიიღო პირველი ამომწურავი გრძელვადიანი ადამიანის უფლებათა სტრატეგია და დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი. მანვე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას.

 

“ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მოსახლეობაც ერთსულოვნად მზად არის, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ქვეყნის ევროატლანტიკური ამბიციები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის.

“რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორები და მოკავშირეები, საქართველო კი თავის მომავალს თავისუფალი ქვეყნების ევროატლანტიკურ ალიანსში ხედავს.

 

 

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი