პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, მხარეები წინა პროცესზე უკვე წარსდგნენ დასკვნითი სიტყვებით, ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ კი მოსამართლე გავა სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად.
მანვე განაცხადა, რომ რამდენადაც წინა პროცესზე გაჟღერდა, მოსამართლე განაჩენს დღეს არ გამოიტანს და გამოაცხადებს იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
“ჩვენ მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი მოწმეების, გამოკვლეული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერებით, 21-ტომიანი სისხლის სამართლის საქმით, რომლითაც ჩვენ წარვსდექით სასამართლოს წინაშე, სრულად დასტურდება ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენა,”- განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროცესის დაწყებამდე.
ბრალდებულ ფირცხალავას ადვოკატი კი აცხადებს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს არ ელოდებიან.
“გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე ჩვენ ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით ვვარაუდობთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება,” – ამბობს ადვოკატი დავით ხაჟალია.
სასამართლო კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები გიორგი ცააძე, კახაბერ ნაკანი, ირაკლი ფირცხალავა და ლევან ბეროძე სასამართლო დარბაზში იმყოფებიან. კიდევ ერთი ბრალდებული გრიგოლ კვინიკაძე კი მიმალვაშია.