საქველმოქმედო გარბენმა სტარტი დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტა: კრწანისის მოედანი – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით მარცხენა სანაპიროზე.
მოძრაობა დაიკეტა თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პ. მელიქიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გადაიკეტა თამარ მეფის და დ.აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე მ. წინამძღვრიშვილის, დ.აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
ასევე, აიკრძალება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირზე და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:
სოლოლაკიდან კოტე აფხაზის ქუჩით გადაადგილება მოხდება ლ. ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.
გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.
ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.
უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით.
გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.