საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
ბექა წიქარიშვილი სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. მას 7-დან 14-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ბექა წიქარიშვილის საქმეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. “ბექა კრიმინალი არ არის” – კამპანია ამ სახელწოდებით ინტერნეტში დაიწყო და რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა, 31 მაისს თბილისში აქცია გაიმართა ბექას მხარდასაჭერად, აქციის მონაწილეებმა მანიფესტიც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: “მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას.”
ბექას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრი“ იცავდა.