აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.
„აშშ გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ტარდება საქართველოს თანხმობის გარეშე.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი X-ზე.
ოკუპირებულ ცხინავლში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
34 „საპარლამენტო დეპუტატს“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 – თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.
საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი, 73 კი- პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.
12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 87%-ის დამუშავების შემდეგ, პარლამენტში [დე ფაქტო] ოთხი პოლიტიკური პარტია შედის.