ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში 4 პარტია შევიდა

10 ივნისი, 2024 •
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში 4 პარტია შევიდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 87%-ის დამუშავების შემდეგ, პარლამენტში [დე ფაქტო] ოთხი პოლიტიკური პარტია შედის.

დე ფაქტო პარლამენტში შევიდა სახალხო პარტია – 15,41% (3186 ხმა), კომუნისტური პარტია – 7,12% (1472 ხმა), “ერთიანი ოსეთი” – 30,32% (6267 ხმა) და “ნიხასი” – 29,93% (6174 ხმა).

საერთო ჯამში, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პარლამენტში 17 პარტიული დეპუტატი და 17 მაჟორიტარი შევიდა.

სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 72,32% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის [დე ფაქტო] მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის საუბნო საარჩევნო კომისიების სიებში შეყვანილი ამომრჩეველთა რაოდენობამ 29 ათასს გადააჭარბა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მერვე მოწვევის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი.


ოკუპირებულ ცხინავლში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

34 „საპარლამენტო დეპუტატს“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 – თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.

საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი, 73 კი- პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.

12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი