ახალი ამბები

კელი: პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებებში კარგი მოწოდება იყო დიალოგისკენ

22 ოქტომბერი, 2015 •
კელი: პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებებში კარგი მოწოდება იყო დიალოგისკენ

“მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი რამდენიმე განცხადებას და მათ შესახებ ანგარიშს. არ გახლავართ საქართველოს მთავრობის წევრი, არ ვარ არჩეული ქართველი ხალხის მიერ და ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი კომენტარების გაკეთება. თუმცა აღვნიშნავ, რომ რამდენიმე მართლაც კარგი განცხადება ვიხილეთ დღეს: ეს განცხადებები შეიცავდა მოწოდებას დიალოგისკენ, სიმშვიდისკენ, ასეთი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის, საქართველოს სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომლებშიც კარგი მოწოდება იყო დიალოგისკენ. ვთვლი, რომ საქართველოში ჩვენს ქართველ მეგობრებს ჭირდებათ დიალოგი”, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელი
იან კელი

“კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,” – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”. 

 

“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

 

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 

 

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 

 

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი