ახალი ამბები

უსუფაშვილი: უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ძალადობის მოწოდებაზე თუ გამართლებაზე

22 ოქტომბერი, 2015 • • 1118
უსუფაშვილი: უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ძალადობის მოწოდებაზე თუ გამართლებაზე

“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

 

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 

 

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 

 

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის”.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის მანძილზე ორჯერ გავრცელდა უკრაინულ მედიაში საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით ადამიანების წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალები. ეს არის იმ ფაილების ნაწილი, რომელიც აღმოჩენილი იქნა სამეგრელოს სამალავებში, ე.წ. კასრებში. საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, მას პირად კონტროლზე აქვს ამ ვიდეომასალების გავრცელების საქმის გამოძიება, თუმცა ამის მიუხედავად კვლავაც მოხდა ახალი ფაილების გავრცელება მედიაში. ამ მასალების გავრცელების შემდეგ ენმ-ს ოფისებზე განხორციელდა თავდასხმები, აჭედეს კარები, წითელი საღებავით შეღებეს, მიიტანეს ცოცხები და ყავარჯნები, დატოვეს პლაკატები, წარწერით – ლიკვიდირებულია.

 

“კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,” – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”. 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, “ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები”. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყებს კონსულტაციების პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისათვის, რომ “შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი