ახალი ამბები

ხიდაშელი: ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს

22 ოქტომბერი, 2015 •
ხიდაშელი: ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს

“ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს საქართველოს პრეზიდენტი იწყებს ძალიან მძიმე სიტყვებით ლაპარაკს. საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებს საუბარს იმაზე, რომ დიალოგს ვიწყებო კონსტიტუციურ წესრიგზეო, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში და ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს.

 

ამიტომ, სანამ ვინმეს მიუთითებს, რომ ვინმე რამეს ძაბავს, მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადება არის სწორედ ვითარების დაძაბვა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk
თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, “ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები”. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყებს კონსულტაციების პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისათვის, რომ “შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი”. ასევე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ “მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”.

 

“კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,” – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი