ახალი ამბები

კახიშვილი: პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ემსახურება სიტუაციის ესკალაციას

22 ოქტომბერი, 2015 • • 891
კახიშვილი: პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ემსახურება სიტუაციის ესკალაციას

“გარკვეული შეშფოთების საფუძველს რომ იძლევა ეს კადრები, ეს სადავო არაა. მე მაინტერესებს ნებისმიერი თქვენგანი, რომელმაც ნახეთ ეს კადრები, არ შეშფოთდით? და იმისთვის, რომ არ იყოს ეს შეშფოთება, საჭიროა სამართლიანი გამოძიება. როდესაც ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ არაადამიანურ მოპყრობაში, სექსუალური ძალმომრეობით მოქმედებებში, როცა დადგება მათი პასუხისმეგლობის საკითხი – ნაწილის დადგა და ნაწილისაც დადგება – ამ ხალხის გაღიზიანებასაც ადგილი არ ექნება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანების გარდა, ვინც პასუხისგებაში მიეცა, არსებობს ხალხი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს,” – აცხადებს კახიშვილი. 

 

მინისტრი ასევე აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კახიშვილი ამბობს, რომ ის უსაფუძვლოდ ქმნის აჟიოტაჟს; მისი თქმით, პრეზიდენტის მიმართვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, მასზე ზეწოლის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. 

 

“მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მისი განცხადება პირდაპირ ემსახურება სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება, ამის საფუძვლები უნდა გქონდეს. ამავდროულად, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს სასამართლოს, მოსამართლეს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყევტილება, სხვა რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად.

 

მე ვფიქრობ, რომ ასეთი აჟიოტაჟი, რომ ქვეყნის სტაბილურობას და კონსტიტუციას საფრთხე ემუქრება და პოლიტიკურ პარტიებთან და ამასთან და იმასთან მოლაპარაკებებს ვიწყებ, ამას გარკვეული საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ, რომ საფუძვლები არსებობს,”– აცხადებს კახიშვილი. 

 

კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო
კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებზე, რომლებიც ასახავს საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში მოქალაქეების წამების ფაქტს და განაცხადა, რომ ენმ–ს წევრებმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. 

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით კი, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი