ახალი ამბები

კალაძე: კადრებზე პრემიერმა უბრალოდ შეფასება გააკეთა, მე ძალადობას ვეწინააღმდეგები

22 ოქტომბერი, 2015 •
კალაძე: კადრებზე პრემიერმა უბრალოდ შეფასება გააკეთა, მე ძალადობას ვეწინააღმდეგები

“კადრებს რაც შეეხება, პრემიერმა უბრალოდ შეფასება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მეტი არაფერი”, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

შეკითხვაზე – თქვენც გესმით ამ ხალხის, ვინც ნაცმოძრაობის ოფისებს არბევს, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა? – კალაძემ უპასუხა:

 

“მე ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები. ძალიან ამაზრზენია ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში, ჩვენ გვახსოვს ყველას, რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი, ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს ამაზე ვთქვით არა, ეს ჩავაბარეთ წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს ის მდგომარერეობა, ის ქმედებები, რაც ხდებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, საქართველოში აღარასდროს არ განმეორდება და არ დაბრუნდება”.

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი კახი კალაძე
საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი კახი კალაძე

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის მანძილზე ორჯერ გავრცელდა უკრაინულ მედიაში საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით ადამიანების წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალები. ეს არის იმ ფაილების ნაწილი, რომლებიც აღმოჩენილი იქნა სამეგრელოს სამალავებში, ე.წ. კასრებში. საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, მას პირად კონტროლზე ყავს ამ ვიდეომასალების გავრცელების საქმის გამოძიება, თუმცა ამის მიუხედავად კვლავაც მოხდა ახალი ფაილების გავრცელება მედიაში. ამ მასალების გავრცელების შემდეგ ენმ-ს ოფისებზე განხორციელდა თავდასხმები, აჭედეს კარები, წითელი საღებავით შეღებეს, მიიტანეს ცოცხები და ყავარჯნები, დატოვეს პლაკატები, წარწერით – ლიკვიდირებულია.

 

“კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,” – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი