ბატონო ლადო, თქვენ ხართ განათლების მინისტრის მოადგილე, დარწმუნებული ვარ, მეგობრობთ სკოლის მოსწავლეებთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან, ამ კადრების გავრცელების მიზანი რა არის?
წამების აკრძალვა, ეს არის აბსოლუტური უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ყველა საერთაშორისო აქტით წამება არის აკრძალული და, ბუნებრივია, როდესაც ეს კადრები გავრცელდება, ეს ამხელს წინა ხელისუფლებას ამ აბსოლუტური უფლების დარღვევაში. მე მივიჩნიე, რომ ეს იქნება ხელისუფლების მხილება იმ უფლების დარღვევაში, რომლის დაცვაშიც მთელი მსოფლიო არის შეთანხმებული. ჩემი პროფილი არის დახურული და ამ კადრებს ნახავს მხოლოდ ის, ვინც ჩემს მეგობრებშია, მე კი მეგობრებში არასრულწლოვანი არ მყავს. შესაბამისად, ამის ნახვა შეეძლოთ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს. ამ კადრებში სახე პრაქტიკულად დამალულია, პირის იდენტიფიცირება არ ხდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კადრები არის მართლა მძიმე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რომელიმე პირის უფლება დავარღვიე, როცა ეს კადრები გავაზიარე. მსგავსი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
ამ კადრების ატვირთვა, გავრცელება ახლა უფრო მეტი ზიანის მომტანი არ არის ადამიანებისთვის? ჩვენ ხომ ეს კადრები უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2012 წელს…
მე დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი გერმანიაში, ვნახე სასამართლო და მუზეუმი, სადაც ეს პროცესები მიდიოდა, ჩვენება იყო საჯარო, ესრწრებოდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ნაჩვენები იყო იმ წამების ფაქტები, რასაც საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტები აკეთებდნენ. ეს არ ყოფილა დასამალი. როდესაც ხდება დანაშაული და როცა ირღვევა აბსოლუტური წამების უფლება, ამ შემთხვევაში სასწორზე დგება, ერთი მხრივ, წამების უფლების დარღვევა და მეორე მხრივ კადრების გავრცელება. ესეც არის მძიმე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი არის უფრო იმისკენ, რომ ხალხი იყოს ამ წამების შესახებ ინფორმირებული. მაგრამ ამ კადრების გავრცელება არის არასასურველი ფაქტი, როგორც ვიცი, იძიებს პროკურატურა, დროულად არის გამოსაძიებელი ვინ ავრცელებს. თუმცა ჩვენ ვიცით ეს კადრები, ვინც გადაიღო, დაამონტაჟა, ბუნებრივია, მათ ხელშიც არის ეს კადრები და მათაც შეუძლიათ გამოყენება ნებისმიერ დროს. მე როგორც პირველწყარო, ბუნებრივია, არ გავავრცელებდი, მაგრამ როცა უკვე გავრცელებულია და ათასობთ ადამიანს ნანახი აქვს, ჩემი გაზიარება…
თქვენ ხელს უწყობთ ამ კადრების ტირაჟირებას?
მე ეს ჩემს სამეგობრო წრეში გავავრცელე, სადაც არ მყავს არასრულწლოვნები. მაკრიტიკებენ ჩემი „მეგობრები“, მათ შორის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წევრია, მაშინ უნდა მიმითითონ კონკრეტული ნორმა, რა დავარღვიე, როცა მე ეს გავავრცელე.თუ ბუნებაში ასეთი ნორმა არ არსებობს და არ დამირღვევია, ბუნებრივია, არავითარი უფლების შეზღუდვასთან არ გაქვს საქმე. მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს იმის შესახებ, ვინც მხილებულია წამებაში, იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და არ შეიძლება იმ პარტიას მისცე ხმა, ვინც ამას აკეთებდა. ლინკონი ამბობდა: ხალხმა იცოდეს სიმართლე და ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.