ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ.
“შანტაჟის ეს ფორმა არის ყველაზე ეფექტური მისთვის, ვინც ამ ფორმას იყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლი ან არ საუბრობს შანტაჟის ამ ფორმის შესახებ და ექცევა შანტაჟის ქვეშ, ან თუკი საუბრობს, ძალიან რთულია მისი დამტკიცება იმიტომ, რომ, როგორც გავიგეთ, მხოლოდ ორ პირს ჰქონდა ამაზე საუბარი. ძალიან რთული იქნება, ალბათ, მისი დადასტურებაც. მე მაქვს განცდა იმისა, რომ დიდი ალბათობით ეს შეესაბამება სიმართლეს. იმიტომ, რომ ჩვენ უკანასკნელი წლების განვმავლობაში ვნახეთ არაერთი საჯარო განცხადება პირებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი იყვნენ პირადი ცხოვრების მასალის გამო შანტაჟის მსხვერპლი. ვნახეთ გამოქვეყნებული კადრები, მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ, ასევე ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ, რომ იყვნენ ასეთი შანტაჟის მსხვერპლი. გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მოვუწოდებ ნიკა გვარამიას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც ღიად გააკეთა, და ამიტომ ეს საქმე აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე”, – აცხადებს ლომჯარია.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე, ოჯახის წევრების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.